back
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია CITA-სთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია CITA-სთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ერთი თვეა, რაც ინსპექტირების დარგში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრია. CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN და სხვა. რაც შეეხება ასოციაციებს და ინსპექტირების კომპანიებს, CITA-ში გაწევრიანებულია: DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND და სხვები. CITA მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. CITA-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში.

„CITA-ში წევრობა საშუალებას გვაძლევს პირდაპირი კავშირი დავამყაროთ სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება, გავიცნოთ ახალი მეცნიერული მიღწევები, მუდმივად ვიყოთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში წევრ ორგანიზაციებთან, დავინახოთ ახალი ბიზნეს პერსპექტივები. CITA-ს მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს გეგმებთან ევრო-ინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის ცნობილია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარეობს გარკვეული ხარვეზებით. განსაკუთრებით გამოსაყოფია არაერთგვაროვანი მიდგომები ინსპექტირებისას. ავტომობილი რომელიც ხარვეზდება ერთ ინსპექტირების ცენტრში, უპრობლემოდ გადის ინსპექტირებას სხვა ცენტრში ხარვეზის გამოუსწორებლად. მდგომარეობას ამძიმებს ინსპექტირების მონიტორინგის არასწორი სისტემა, რაც უარყოფითად აისახება პროფესიონალი ინსპექტორების სამუშაო პროცესზე. გადაუჭრელ პრობლემებში რჩება ინსპექტორთა პროფესიული უფლებების დაცვის საკითხი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პრობლემები უნდა გადაიჭრას დროულად, წინააღმდგ შემთხვევაში, ეს მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმა დგება საფრთხის ქვეშ. შედეგად ზარალდებიან როგორც ავტომფლობელები, აგრეთვე ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრები. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კონსულტაცია CITA-ს ხელმძღვანელობასთან და ექსპერტებთან, რათა დროულად მივიღოთ კვალიფიციური რეკომენდაციები, რომლებსაც გავასაჯაროებთ უახლოეს პერიოდში და რეაგირებისთვის გადავუგზავნით შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციებს, როგორც წესი ითვალისწინებენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები“- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა.

საერთაშორისო კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სწავლებისა და განათლების საკითხებს. CITA მუშაობს კონკრეტულ თემებზე უფრო ვიწრო სპეციალიზაციითაც: ტესტირების სტანდარტი, ინსპექტირების მეთოდი, ბაზის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, აკრედიტაციის სისტემა, შეფასების კრიტერიუმი, საინფორმაციო სისტემებზე ხელმისაწვდომობა, პერსონალის პროფესიული თრეინინგი, ავტომობილის სტანდარტის კოორდინაცია მის სასიცოცხლო ციკლთან და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, რომ CITA-ს რეკომენდაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და რეზოლუციებთან. ჩვენი წევრობა კი დიდი წარმატებაა, არამხოლოდ ასოციაციისთვის და მისი წევრებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს მიღწევა, სწორად და დროულად განავითარებს ტრანსპორტის სფეროს და იქნება საქართველოს წინსვლისა და წარმატების გარანტი ევრო-ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი