ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

სტატიები

შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციას – „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო
12 ნოემბერი, 2017

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას – „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

კონფერენცია პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სწორად წარმართულმა კამპანიამ – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“ და არასამთავრობო სექტორთან ეფექტიანმა თანამშრომლობამ, ასევე, დიპლომატიური კორპუსის აქტიურმა ხელშეწყობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. შს სამინისტრო, თავის მხრივ, გამჭვირვალობისა და ჩართულობის კუთხით უპრეცენდენტო იყო. ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი უწყება და ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ ამ სფეროს განვითარებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო ამაღლებისთვის. შემდეგი ეტაპია ვიდეოჯარიმების ახალი სისტემა და ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლის ამოქმედებაც 1 ნოემბრიდან იგეგმება. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ არის ის, რომ უკვე 3-წლიან პერსპექტივაში, დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრირება უნდა განახორციელონ ტექნოლოგიებმა, ხოლო საპატრულო პოლიციის როლი მთლიანად კრიმინალის პრევენციის მიმართულებით უნდა განვითარდეს,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტები. შსს მეორე წელია, ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-სოციალური კამპანია – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამავე პროგრამის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არაერთი ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – მარიუშ მაშკიევიჩი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ლუკას ბეგლინგერი, ასევე, თბილისის ახლადარჩეული მერი – კახი კალაძე, სამთავრობო, არასამთავრობო, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე დასასწრებად, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შვეიცარიისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე, უცხოელი ექსპერტებისგან კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა თემატური სემინარი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების, კანონმდებლობისა და აღსრულების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების, საგზაო უსაფრთხოების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტებზე. კონფერენციაზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომელიც სხვადასხვა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას დაეგზავნება.